2011 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (№751) შეიქმნა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო). ბრძანების მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვრა იუსტიციის მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ყველა მნიშვნელოვანი უწყების თანამდებობის პირები, ექსპერტების სახით მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საბჭოს მიზანია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზე აგებული ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა; ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, მისი პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი; აღნიშნული სტრატეგიის განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; სტრატეგიის განხორციელების პროცესში უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი.

საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან დადგენილი წესით გამოითხოვოს საბჭოს საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები კანონმდებლობისა და სტრატეგიის განახლების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს ექსპერტები, ასევე, ითანამშრომლოს საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოსთან, ნარკომანიის პრევენციისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციის მიმართულებით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი ღონისძიებების გატარების გზით, საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესების, ერთობლივი მოქმედების ხელშეწყობისა და არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით.

2012 წლის 13 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ნარკომანიასთან ბრძოლის საბჭოსა და საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შორის, რომლის თანახმადაც, გაძლიერდება თანამშრომლობა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნარკომანიის პრევენციის მიზნით. მემორანდუმი მიზანად ისახავს ამ ორი საბჭოს ერთობლივი საქმიანობებისა და პროგრამების უკეთეს კოორდინაციას, ორივე მხრიდან ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

საბჭო დებულების თანახმად იკრიბება ექვს თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევებში, შესაძლებელია საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევაც. 

2012 წლის 15 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.  საბჭოს წევრები  შეთანხმდნენ, რომ ჩამოეყალიბებინათ სამუშაო ჯგუფები ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით:
1) ინფორმაციის შეგროვება, კვლევა და შეფასება;
2) მიწოდების შემცირება;
3) მოთხოვნა/ზიანის შემცირება;
4) საერთაშორისო თანამშრომლობა და შიდა კოორდიანცია.

სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისგან, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლების, მეცნიერებისა და ექსპერტებისგან.

საქართველოს პრეზიდენტის №751 ბრძანებულებაში 2012 წლის 31 დეკემბერს  შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, საბჭოს შემადგენლობაში კონკრეტული ინდივიდების ნაცვლად  განისაზღვრა საბჭოს წევრთა თანამდებობები. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო თანათავმჯდომარეა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2013 წლის 2-3 მარტს კაჭრეთში გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს გასვლითი გაფართოებული სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები და საბჭოს შემადგენლობაში შემავალი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. სხდომაზე საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს ოთხივე სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, გამოთქვეს კომენტარები და შენიშვნები.



ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და დებულება