2007 წელს წამების, არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, შესაბამისი რეფორმების მონიტორინგის სრულყოფისა და კოორდინაციისათვის, პრეზიდენტის №369 ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. 2009 წლის 27 ნოემბერს ბრძანებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის კოორდინაციასა და საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
  • წამების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;
  • წამების წინააღმდეგ ბრძოლის, წამების მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
  • წამების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის შესახებ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება, იმპლემენტაციის მონიტორინგი და საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციების წარდგენა.
საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა მოქმედების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის: წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია, წამების მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის განვითარება წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეების გამოძიებასთან მიმართებაში. ამასთან, საკოორდინაციო საბჭომ მიზნად დაისახა სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა.

2008 წლის ზაფხულში საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდა პრეზიდენტის №301 ბრძანებულებით. 18-თვიანი სამოქმედო გეგმა აქცენტს აკეთებს პრევენციული ღონისძიებების როლის გაზრდაზე წამების, არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში და რელევანტური ორგანოების ინსტიტუციურ განვითარებაზე.
 
2009 წელს იუსტიციის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში (საანგარიშო პერიოდი − 12.06.2008 - 31.07.2009 წწ.).

2010 წელს საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2010-2013 წლებისთვის. არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია ეფუძნება შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

არასათანადო მოპყრობის ყველა ფორმის აკრძალვა; საჩივრის ეფექტიანი პროცედურა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია; არასათანადო მოპყრობის გამოვლენა და პრევენცია შიდაუწყებრივი და გარე მონიტორინგის მეშვეობით; შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ინსტიტუტების ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება.

2011 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა საქართველოში არასათანადო მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2011- 2013 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში (საანგარიშო პერიოდი − 2010-2011 წწ. ივნისი). ევროსაბჭოს დახმარებით ანგარიში გადათარგმნილ იქნა ინგლისურ ენაზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის №1151 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა საბჭოს დებულებაში, რომლის მიხედვითაც, საბჭოს წევრები განისაზღვრნენ თანამდებობით. 2013 წლის მარტში განახლდა საბჭოს შემადგენლობა.

2014 წლის 7 მაისს საქართველოს მთავრობის №341 დადგენილებით საბჭოს შემადგენლობა განახლდა. 2015 წელს საუწყებათაშორისო საბჭოს ფარგლეში შემუშავდა და 2015 წლის 18 მაისს დამტკიცებულ იქნა 2015-2016 წლების ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა შეიცავს 4 თავს: 1) არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; 2) არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; 3) არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია; 4) არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლებისა და შესაბამისი შესაძლებლობების გაძლიერება, ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.


წამებასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის ოქმი (18.05.2015)

უწყებათაშორისი საბჭოს დებულება

2008-2009 წლების სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში (2008 წლის 12 ივნისი - 2009 წლის 31 ივლისი)

სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში (საანგარიშო პერიოდი -2008 წ. 12 ივნისი – 2009 წ. 31 დეკემბერი)

არასათანადო მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ  ბრძოლის 2011- 2013 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში

ანგარიში (საანგარიშო პერიოდი - 2010 - 2011 წწ. ივნისი)


2015-2016 წწ. სამოქმედო გეგმა