იუსტიციის მინისტრმა პატიმარი ქალებს დედის დღე მიულოცა

თარიღი: 03 მარტი 2005

იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია დედის დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა №5 დაწესებულებასა და ქალთა საპყრობილეს ეწვია. მან თავისუფლებაშეზღუდულ ქალებს დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„საპატიმროში მქოფ ქალებს განსაკუთრებით სჭირდება გამხნევება და ყურადღება. ისინი უნდა იყვნენ მხნედ, თავი იგრძნონ სრულფასოვან მოქალაქეებად უნდა დაუბრუნდნენ საზოგადოებას", - აღნიშნა კონსტანტინე კემულარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრმა დაათვალიერა ქალთა დაწესებულება და საპყრობილე, ასევე სამლოცველო, სამკერვალო საამქრო და დაწესებულების ტერიტორიაზე მშენებარე არასრულწლოვანთა საპყრობილე.
„ქალთა დაწესებულებაში არსებული პირობები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, სამოდელო გახდება ყველა დაწესებულებისათვის. დღეს შეხვედრა მქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომელთა ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს რუსთავის საპყრობილის რეაბილიტაცია. რამდენიმე თვეში დასრულდება საპატიმრო დაწესებულებების მშენებლობა თბილისსა და ქუთაისში. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მძიმე ვითარება მოკლე ხანში შეიცვალოს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ მუშავდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა შემცირდება 4 თვემდე.