იუსტიციის სამინისტროში სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 04 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროში დღეს გაიმართა სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, პოლიციისა და პროკურატურის რეფორმის, სახაზინო ადვოკატის ინსტიტუტის ამოქმედების, პენიტენციარული სისტემის რეფორმის, იურიდიული განათლების მიღების საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია.
ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა: „საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია უნდა შეიმუშაოს. აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში არსებობს ქვეჯგუფები და დღევანდელ შეხვედრაზე მათ მიერ შემუშავებული კონცეფციები იქნება წარდგენილი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი და სხვები. სამუშაო ჯგუფმა კონცეფციის საბოლოო ვარიანტი პრეზიდენტს გაზაფხულის ბოლოს უნდა წარუდგინოს".
კონსტანტინე კემულარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმად წინასწარი პატიმრობის დღეს მოქმედი 9-თვიანი ვადა 4 თვემდე შემცირდება. საპატიმრო ვადის შემცირებასთან ერთად, გამომძიებელი ვალდებული იქნება, პირის დაკავებამდე მოიპოვოს მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის დაპატიმრების მოთხოვნით.