საპასპორტო სისტემის რეფორმირებისათვის საბერძნეთის ხელისუფლება საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი ლარით დაეხმარება

თარიღი: 07 მარტი 2005

იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინე კემულარიამ, საბერძნეთის ელჩმა საქართველოში კონსტანტინა მავროსკელიდოუმ და პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდის დირექტორის მოადგილე მარინა ფურცელაძემ დღეს იუსტიციის სამინისტროში სამმხრივ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც სამოქალაქო რეესტრის რეფორმის განხორციელებაში საბერძნეთის ხელისუფლების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
კონსტანტინე კემულარიას განცხადებით, „გრანტის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარს აღემატება და იგი მოხმარდება თბილისის მასშტაბით სამოქალაქო რეესტრის (საპასპორტო სამსახურების) ხუთი ოფისის კეთილმოწყობას. ეს არის საცდელი პროექტი და ითვალისწინებს ევროპული სტანდარტებით მოქალაქეთა მომსახურების ოფისის შექმნას, რომელიც „ერთი სარკმლის პრინციპით" მოეწყობა".
იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს ღონისძიება ანტიკორუფციული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
„ჩვენი მეგობარი ქვეყანა მზად არის, მომავალშიც დაგვეხმაროს და, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ამ დახმარებას დიდად ვაფასებთ", - აღნიშნა კონსტანტინე კემულარიამ.
კონსტანტინა მავროსკელიდოუმ იუსტიციის მინისტრს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ იგი მნიშვნელოვან სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. „საქართველოს ხელისუფლება რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, მათ შორისაა კორუფციასთან ბრძოლა, რაშიც საქართველოს ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, მათ შორის ძველი მეგობარი საბერძნეთი, ეხმარებიან".