„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" ახალი კანონი აპრილის ბოლოს მზად იქნება

თარიღი: 11 მარტი 2005

გაკოტრების სფეროში მოსალოდნელ საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინე კემულარიამ 11 მარტს ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტებთან ერთად, აპრილის ბოლოსთვის მუშაობას დაასრულებს „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" ახალი კანონის პროექტზე.
„მთავრობის ბოლოს სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ საკითხი პრივატიზაციის მიმდინარეობის შესახებ ქვეყანაში, სადაც აქცენტი გაკეთდა იუსტიციის სამინისტროს მოხსენებაზე გაკოტრების პროცესის მიმდინარეობასა და, ზოგადად, სამინისტროს როლზე პრივატიზაციის პროცესში. ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყნის საინგესტიციო და საკრედიტო გარემო გაუმჯობესდეს და მიმზიდველი გახდეს სერიოზული ინვესტორებისათვის", - განაცხადა კონსტანტინე კემულარიამ.
მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა გაკოტრების შესახებ 1996 წელს არის მიღებული და გერმანული კანონმდებლობის ანალოგია. იგი დაუხვეწავი და გაუმართავია, რაც გაკოტრების პროცესის დამახინჯებით მიმდინარეობის საფუძველია. „ძველი ხელისუფლების პირობებში საეჭვო ვითარებაში ჩნდებოდნენ კრედიტორები, რომელთა ათეულობით მილიონები ვალი ამა თუ იმ საწარმოს ერიცხებოდა. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ამ საწარმოთა გაკოტრების პროცესი დაეწყო, კრედიტორებს ფაქტობრივად, ჩუქნიდა ამ საწარმოებს. ასეთი პრაქტიკა იყო რუსთავის „აზოტში", „ჭიათურმანგანუმსა" და „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
კემულარიას განცხადებით, კანონის მთავარი ამოცანა გაკოტრების პროცესის მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმოება და გამჭვირვალობაა.
გარდა ამისა, კანონით გათვალისწინებული იქნება ინსტიტუციონალური ცვლილებები - სპეციალურ ტრენინგებზე მომზადდებიან გაკოტრების მმართველები, რომლებიც ნეიტრალურნი იქნებიან, და მოსამართლეები, რომელთაც გაკოტრების საქმეები უნდა განიხილონ. ტრენგიგს ჩატარებაში ქართულ მხარეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაეხმარება.