საპასპორტო სისტემაში მუშაობის მსურველთა ტესტირება დაიწყო

თარიღი: 13 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოებში (საპასპორტო სისტემაში) გამოცხადებული კონკურსის ტესტირება დაიწყო დღეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ფიზიკისა და ქიმიის აუდიტორიებში.
ტესტირება, სარეგისტრაციო ნომრების მიხედვით, 13, 19 და 20 მარტს არის დანიშნული. ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად 7-დან 22 თებერვლამდე იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია 3800-მდე მოქალაქემ გაიარა, რომელთა ნაწილი სახელმწიფოს რეესტრის სისტემაში ამჯამადაც მუშაობს.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ფორჩხიძის განცხადებით, კონკურსანტებმა 100 კითხვიდან 75 სწორი პასუხი უნდა გასცენ, რაც დადებით ქულად ითვლება, თუმცა გამსვლელი ქულა, რაიონების მიხედვითაც დაითვლება. თითოეულ რაიონში შერჩეული იქნება იმაზე ორჯერ მეტი კონკურსანტი, რაც ამ რაიონის საშტატო განრიგს შეადგენს. მეორე ეტაპზე გასული კონკურსანტები გასაუბრებას გაივლიან, რის შემდეგაც თანამდებობზე დაინიშნებიან.