ქართველი ექსპერტები ამერიკელი კოლეგების მუშაობას გაეცნენ

თარიღი: 14 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული და ამავე ბიუროს ექსპერტები აშშ-ში 20 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც კრიმინალისტიკური ლაბორატორიების მუშაობას გაეცნენ.
ეს ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოში მაღალი დონის კრიმინალისტიკური ლაბორატორიის შექმნას ითვალისწინებს.
ლევან სამხარაულის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა ლოს-ანჯელესში, სადაც გაეცნენ ამ ქალაქის ყველა ოლქის კრიმინალისტიკური ლაბორატორიების მუშაობის ინსტრუქციებსა და მეთოდიკას.
მომდევნო ერთი კვირა ქართველმა ექსპერტებმა ნიუ-ორლეანში დაჰყვეს, სადაც გაიმართა ამერიკის სასამართლო ექსპერტთა ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია. ღონისძიებაზე განიხილეს ის ძირითადი პრინციპები და ტექნიკური აღჭურვილობის საკითხი, რომლითაც აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე კრიმინალისტიკური ლაბორატორია.
„თუ საქართველოში შექმნილი კრიმინალისტიკური ლაბორატორია დააკმაყოფილებს სტანდარტებს, ის გაწევრიანდება სასამართლო ექსპერტთა საერთაშორისო ასოციაციაში", - განაცხადა სამხარაულმა.
უახლოეს მომავალში აშშ-დან საქართველოში ჩამოვლენ ტრენერები, რომლებიც ქართველ ექსპერტებს კრიმალისტიკური ექსპერტიზის საკითხებზე სემინარს ჩაუტარებენ.