მარნეულში საპასპორტო და მოსახლეობის მომსახურების სამსახური გაიხსნა

თარიღი: 21 მარტი 2005

21 მარტს მარნეულში იუსტიციის სამინისტროს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური გაიხსნა, რომელიც ბოლნისისა და დმანისის მოსახლეობასაც მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რაიონების მოსახლეობას საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასაღებად რუსთავის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურისათვის უწევდათ მიმართვა.
მარნეულის მოსახლეობისათვის მოქალაქის პასპორტის აღება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2005 წლის 1 მარტიდან აიკრძალა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პირადობის მოწმობებით გადასვლა.
„იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეხსნა საპასპორტო სამსახური მარნეულში, რათა იქ მცხოვრებთ პასპორტების აღებაში შეუწყოს ხელი", - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ფორჩხიძემ.