პრობაციის ოფიცრებისათვის სემინარი მიმდინარეობს

თარიღი: 22 მარტი 2005

  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო კოორდინაციას ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა" უწევს, სასტუმრო „ძველ თბილისში" დღეს პრობაციის ოფიცრებისათვის ორდღიანი სემინარი გაიხნა.
ევროკავშირის პროექტი ე.წ. „სწრაფი რეაგირების მექანიზმია", რომელიც წლეულს იანვარში დაიწყო და ექვს თვეს გასტანს, სხვა დახმარებასთან ერთად ის პრობაციის სისტემის თანამშრომელთა ტრენინგსაც ითვალისწინებს.
საქართველოში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროში არსებული ვითარებასა და სამსახურის პრიორიტეტებზე სემინარზე მოხსენებით წარსდგა იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩხარტიშვილი. სემინარზე საგანგებოდ მოწვეულმა ჰოლანდიელმა ექსპერტებმა საქართველოს პრობაციის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური ბიუროების ხელმძღვანელებს გააცნეს ნიდერლანდების პრობაციის სისტემის მუშაობის სპეციფიკა და მათი ხედვა საქართველოში მსგავსი მოდელის შემოღების პერსპექტივის თაობაზე. როგორც ჰოლანდიის სასჯელაღსრულების სამსახურის თავმჯდომარე  იან ვან დერ ბრანდმა აღნიშნა, საქართველოს მსგავსად, მათ ქვეყანაშიც პრობაციის სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, თუმცა იქ სტრუქტურულად განსხვავებული მოდელი მოქმედებს, რომლის გაცნობა ქართველი კოლეგებისათვის საინტერესო იქნება.