სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის საკითხებს გუდაურში განიხილავენ

თარიღი: 23 მარტი 2005

24-27 მარტს, გუდაურში გაიმართება სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ევროკომისიის სასჯელაღსრულების პროექტით არის დაფინანსებული. ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები, მიზნად ისახავს საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემის კონცეფციის პროექტის განხილვასა და საბოლოო ვარიანტზე შეთანხმებას.

შეხვედრას გახსნის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც წარადგენს სისხლისსამართებლივი მართლმსაჯულების ერთიანი კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის სამოქმედო პროგრამასა და მიღწეულ შედეგებს. განსახილველ საკითხთა შორისაა რისკ ჯგუფების მიხედვით მსჯავრდებულთა კლასიფიკაციისათვის კრიტერიუმების ჩამოყალიბება და, ამის მიხედვით, მსჯავრდებულთა განთავსების მექანიზმის საკითხი. ცალკე საკითხად განიხილება პატიმართა უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნა, მათი პირობების ჰუმანიზაცია. აგრეთვე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის როლის გაზრდა და, ამის ხარჯზე, საპატიმრო ადგილებში, გონივრულ ფარგლებში, პატიმართა რიცხვის შემცირება.