პენიტენციარული სისტემის რეფორმისას საქართველო ესტონეთის გამოცდილებას გაიზიარებს

თარიღი: 23 მარტი 2005

ესტონეთში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ტყეშელაშვილმა ბრიფინგი გამართა.
მისი განცხადებით, ევროკავშირის პროექტის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის" ფარგლებში განხორციელებული ვიზიტის მიზანი ამ ქვეყნის პენიტენციარული სისტემის გაცნობა იყო.
„ესტონეთში სასჯელაღსრულების სისტემაში რამდენიმე წლის წინათ კომპლექსური რეფორმა განხორციელდა. ასეთივე ღონისძიება იგეგმება საქართველოშიც, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში ჩატარებული ცვლილებებს გავცნობოდით", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
რეფორმის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება პატიმართა რესოციალიზაციის საკითხს დაეთმობა. შეიცვლება საპატიმრო რეჟიმები და დაწესებულებების ადმინისტრირების მოდელი.
ერთკვირიანი ვიზიტისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ ესტონეთის იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც, ქართული მოდელის მსგავსად, ექვემდებარება პენიტენციარული სისტემა. გარდა ამისა, მათ ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს ტარტუს, მურუსა და პიარნუს საპყრობილეები.