ახალქალაქში საპასპორტო სამსახური გაიხსნა

თარიღი: 28 მარტი 2005

ახალქალაქში დღეს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური გაიხსნა, რომელიც, ამ რაიონის მცხოვრებთა გარდა, ნინოწმინდის რაიონის მოსახლეობასაც მოემსახურება.
ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასაღებად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას ახალციხეში უწევდათ ჩასვლა, რაც პრობლემებთან იყო დაკავშირებული.
მისი ინფორმაციით, საქართველოს ყველა რაიონში არსებობს საპასპორტო განყოფილება, თუმცა მათგან მხოლოდ 22 გასცემს საქართველოს მოქალაქის პასპორტს. მომავალში დაგეგმილია საპასპორტო სისტემის დეცენტრალიზაცია და ყველა სამსახურს, პირადობის მოწმობის გაცემასთან ერთად, პასპორტის გაცემის უფლებაც ექნება.
ვარძელაშვილის განცხადებით, საპასპორტო სისტემის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობაზე დოკუმენტების გაცემის დინამიკა, რაც პროცედურის გაარტივებაზე მიუთითებს. წლეულს თებერვალში საპასპორტო სამსახურებმა 17 ათასამდე პასპორტი გასცეს, რაც ორჯერ აღემატება წინა წლებში გაცემული პასპორტების ოდენობას.