ევროკავშირი იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურის რეორგანიზაციაში ეხმარება

თარიღი: 30 მარტი 2005

ევროკავშირის პროექტის „სტრატეგიული დახმარება და შესაძლებლობათა სწრაფი ფორმირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის" ფარგლებში იუსტიციის სამინისტროში სამწლიანი სამოქმედო გეგმის შუალედური პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ტორბენ ჰოლცე, ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში შემუშავებულია სამი მიმართულების გეგმა - იუსტიციის სამინისტროს რეორგანიზაცია, საკადრო რესურსების განვითარება და სამოქალაქო რეესტრის განვითარება.
გეგმის შემუშავებაში 5 უცხოელი და ამდენივე ქართველი ექსპერტი მონაწილეობდა. გეგმის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა, სავარუდოდ, აპრილის მეორე ნახევარში დასრულდება და მასში გაითვალისწინებული იქნება ის შენიშვნები, რაც გეგმის პრეზენტაციისას გამოითქვა.
კონსტანტინე კემულარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია იმ კომპეტენტურად შედგენილი დოკუმენტით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს განვითარებას ეხება. „საქართველის პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის სურვილია, იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში ლიდერის როლი იკისროს. სამინისტრო ბოლო პერიოდში სწორად ვითარდებოდა და მისი მუშაობის დახვეწისაკენ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც მომავალში გაგრძელდება", - განაცხადა იუსტიიციის მინისტრმა.
ტორბენ ჰოლცემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს კვლავაც გაუწევს დახმარებას და იუსტიციის სამინისტროსთან ითანამშრომლებს იმ გეგმის განხორციელებისათვის, რომლის შემუშავებაშიც ამჟამად ეხმარება.