გირავნობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა იხვეწება

თარიღი: 31 მარტი 2005

გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, სასტუმრო „სიმპათიაში" მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

აღნიშნული ცვლილელების პრეზენტაცია ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტის, ნოტარიუსთა პალატის ეროვნული ბანკის, აგრეთვე კერძო ბანკების წარმომადგენლები მისასალმებელ გამოსვლაში იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე გურეშიძემ აღნიშნა, რომ გირავნობის სფეროში დღეს მოქმედი კანონმდებლობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ამას სამეწარმეო პრაქტიკაც ადასტურებს.
გურეშიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისი გირავნობის ინსტიტუტის დამკვიდრება, ინვესტორებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, გირავნობის ერთიანი ელექტრონული რეესტრის შექმნა და სხვა. ეკატერინე გურეშიძემ მადლიერებით აღნიშნა ამ კანონშემოქმედებით საქმიანობისას დონორი ორგანიზაციების - აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის (GEGI) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერა.
საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ნოვაციები შეხვედრაზე მიმოიხილა იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსმა დიმიტრი ძაგნიძემ. მისი განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს გირავნობის უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს, აგრეთვე ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, „ნოტარიატის შესახებ" კანონში და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში". დიმიტრი ძაგნიძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია გირავნობის პროცედურასთან დაკავშირებული სპეციფიკური ურთიერთობების კანონის ჩარჩოში მოქცევა. კერძოდ, კანონპროექტით მკვეთრად იმიჯნება რეგისტრირებული და მფლობელობითი გირავნობის სახეები, კანონმდებლობაში მკვიდრდება გირავნობის მმართველის ინსტიტუტი, ლომბარდთან დაკავშირებული ურთიერთობები და გირავნობასთან დაკავშირებული სხვა სპეციფიკური ნიუანსები.