ჰელსინკში ევროპის იუსტიციის მინისტრების 26-ე კონფერენცია გაიმართება

თარიღი: 05 აპრილი 2005

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გაემგზავრა, სადაც, 7-8 აპრილს, მონაწილეობას მიიღებს ევროპის იუსტიციის მინისტრების 26-ე კონფერენციაში.

კონფერენციამდე ერთი დღით ადრე ჰელსინკში გაიმართება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირთა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ტყეშელაშვილი დაესწრება. შეხვედრის მიზანია კონფერენციის საორგანიზაციო საკითხების განხილვა.

კონფერენციას გახსნიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე მოდ დე ბუკიკიო და ფინეთის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი.
იუსტიციის მინისტრები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: სისხლის სამართლის სისტემის სოციალური მისია და საკრედიტო საზოგადოებაში ვალის პრობლემის სამართლებრივი გადაწყვეტის გზები.
ამასთანავე, მინისტრები იმსჯელებენ ევროპის პენიტენციარული ქარტიის პროექტზე.
განხილვის თემა იქნება, ასევე, ევროპის იუსტიციის მინისტრების მიერ სოფიაში გამართულ 25-ე კონფერენციაზე ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე მიღებული რეზოლუციის განხორციელების საკითხი.

კონფერენციის პირველი სამუშაო დღის დასასრულ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან შეხვედრას გამართავს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი. ამავე კონფერენციის ფარგლებში შვეიცარიის ფედერალურ საბჭოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება ამ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი პირების გადაცემის შესახებ.

კონფერენციის დახურვის შემდეგ მასში მონაწილე იუსტიციის მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.