თბილისის №1 საპყრობილეში გამოავლინდა აღმაშფოთებელი ფაქტი

თარიღი: 06 აპრილი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საპყრობილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს, 6 აპრილს ჩატარებული ღონისძიებისას გამოავლინეს პატიმართა ჯგუფი, რომლებიც მოტყუების გზით, მობილური ტელეფონის საშუალებით, მოქალაქეებს სატელეფონო დეპოზიტების შესავსებ თანხებს სძალავდნენ.
ჩხრეკისას უამრავი აკრძალული ნივთი ამოიღეს, ხოლო ერთ საკანში აღმოაჩინეს სიმბარათები, მობილური ტელეფონის აპარატები, მობილური კომპანიების „მაგთისა" და „ჯეოსელის" აბონენტების მოსატყუებლად წინასწარ შედგენილი ტექსტები, აღნიშნული კომპანიების აბონენტთა დეტალურ სიებთან ერთად.
ჩხრეკისას საპყრობილის საკნებიდან ამოღებულია ერთჯერადი შპრიცები, დანები, თვითნაკეთი მჩხვლეტავი და ბასრი საგნები და სხვა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექცია მოკვლევას ატარებს, რომლის დასრულების შემდეგ მასალები პროკურატურას გადაგზავნება.
აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით ამ საპყრობილეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უკვე ჩაატარა მსგავსი ღონისძიებები 29 და 31 მარტს.