რუსეთ - ფინეთის საზღვარზე ქართველების დაკავების მიზეზებზე კონსტანტინე კემულარია განმარტებებს ფინეთის შს მინისტრისაგან მიიღებს

თარიღი: 07 აპრილი 2005

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია, რომელიც ბრიუსელში ევროპის იუსტიციის მინისტრების 26-ე კონფერენციაზე იმყოფება, ხვალ ფინეთის შს მინისტრთან შეხვედრასა და ფინეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების საკითხის გარკვევას აპირებს.
„ფინეთის ოფიციალური სტრუქტურებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან რაიმე კრიმინალის ჩადენისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტები არ დაფიქსირებულა. ჩემი შეხვედრა ფინეთის შს მინისტრთან მიზნად ისახავს ამ ინცინდენტის დეტალების დაზუსტებას. იმედი მაქვს, შს მინისტრისაგან სათანადო განმარტებებს მივიღებ მისი უწყების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ ქმედებაზე", - აღნიშნა კონსტანტინე კემულარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს 48 მოქალაქე, რომელთაც ტურისტული ვიზები ჰქონდათ, რუსეთ-ფინეთის საზღვარზე 19 მარტს დააკავეს. ფინელმა სამართალდამცველებმა დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. „უკვე გარკვეულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ დაურღვევიათ არც საქართველოს და არც ფინეთის კანონმდებლობა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.