კონსტანტინე კემულარია ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

თარიღი: 11 აპრილი 2005

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინე კემულარიამ დღეს ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები მიიღო, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში პენიტენციარული სისტემის გასაცნობად იმყოფებიან.
დახურული შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტუმრებთან საუბარი შეეხებოდა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ნორვეგიული მხარის დახმარებას საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაში. „სტუმრებმა აღნიშნეს ჩვენი გახსნილობა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობაზე საუბრისას. დასამალი არ გვაქვს, რომ ამ სფეროში მდგომარეობა მძიმეა და ჩვენი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების დაცვისადმი არის ურყევი. სწორედ გახსნილობა არის აუცილებელი სისტემაში მდგომარეობის გამოსასწორებლად", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, უახლოეს თვეებში ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, სავარაუდოდ, ნორვეგიაში, გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც დაისახება თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. ამ შეხვედრამდე საქართველოში ნორვეგიიდან ექსპერტები ჩამოვლენ, რის შემდეგაც გადაწყდება საქართველოს პენიტენციარული სისტემისათვის ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი.