იუსტიციის სამინისტრომ თაღლით პატიმართა მეორე ჯგუფი რუსთავის №2 დაწესებულებაში გამოავლინა

თარიღი: 13 აპრილი 2005

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ რუსთავის №2 დაწესებულებაში გამოავლინა პატიმრები, რომლებიც მოტყუების გზით, მობილური ტელეფონების მეშვეობით, მოქალაქეებს სატელეფონო დეპოზიტების შესავსებ თანხებს სძალავდნენ.
ასეთივე ჯგუფი გენერალურმა ინსპექციამ გასულ კვირას თბილისის №1 საპყრობილეშიც აღმოაჩინა.
რუსთავის №2 დაწესებულებაში ჩატარებული ჩხრეკისას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს 14 მობილური ტელეფონის აპარატი დამტენებით, სიმ-ბარათები, მობილური კომპანიების აბონენტთა სიები, ვისაც პატიმრები ფულის გამოძალვის მიზნით ურეკავდნენ, დიდი ოდენობით თვითნაკეთი დანები, შპრიცები, ბანქოს დასტები და სხვა აკრძალული ნივთები. დაწესებულებაში აღმოაჩინეს, ასევე, ნარკოტიკული ნივთიერება, სარაუდოდ, „ჰეროინი", რაც ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

                                                                                 გარდა ამისა, დაწესებულებაში უკანონო პაემანზე იმყოფებოდნენ ქალბატონები.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ირაკლი ფანცხავას თქმით, „აღნიშნული ღონისძიება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და მსგავსი მოულოდნელი შემოწმებები ჩატარდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა დაწესებულებებშიც. რუსთავის №2 დაწესებულებაში ჩხრეკა სამი დღის წინათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ძალებით ჩატარდა, თუმცა იქ აკრძალული ნივთები ისევ დიდი რაოდენობით აღმოვაჩინეთ. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებობენ არაკეთილსინდისიერი მუშაკები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, პატიმრებთან აკრძალული ნივთები შეიტანონ. ასეთი თანამშრომლების მიმართ დაუნდობლები ვიქნებით".