იუსტიციის სამინისტროში ანტიკორუფციული რგოლის პრეზენტაცია მოეწყო

თარიღი: 15 აპრილი 2005

იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პასპორტიზაციის განყოფილებებში ანტიკორუფციულ კამპანიას იწყებს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ   კონსტანტინე ვარძელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანტიკორუფციული რგოლის პრეზენტაცია მოახდინა.
"მოქალაქეებმა ხშირად არ იცოდნენ, თუ რა უფლებები ჰქონდათ და ამის გამო კორუფციული გარიგებების მსხვერპლნი ხდებოდნენ," _ განაცხადა ვარძელაშვილმა.
კერძოდ, რგოლში ნაჩვენებია, რა პროცედურა უნდა გაიაროს მოქალაქემ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მისაღებად.
ვარძელაშვილის თქმით, პასპორტის ან პირადობის მოწმობის აღება ხდება 5 სამუშაო დღეში. პირადობის მოწმობის ბაჟის ღირებულება 2 ლარს და 50 თეთრს შეადგენს, ხოლო პასპორტის აღებისათვის მოქალაქემ 35 ლარი უნდა გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრომ კორუფციის აღმოსაფხვრელად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: მოქალაქეთა რეგისტრაციისა და საპასპორტო განყოფილებების თანამშრომლების ხელფასი უკვე 4-5 ჯერ გაიზარდა.