პენსიონერებისათვის პირადობის მოწმობების აღების ვადამ 2 თვით გადაიწია

თარიღი: 15 აპრილი 2005

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაიხსნება მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პასპორტიზაციის დამატებითი პუნქტები, რომლებიც მხოლოდ პენსიონერებს მოემსახურებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც საპენსიო განყოფილებებმა პენსიონერების ხელახალი რეგისტრაცია გამოაცხადეს. რეგისტრაცია 1 მაისამდე უნდა დასრულებულიყო.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ  კონსტანტინე ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ პენსიონერთა რეგისტრაცია 1 ივლისს დასრულდება.
ვარძელაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დაუცველი ფენების გათავისუფლებას პირადობის მოწმობის აღებისას ბაჟის გადახდისაგან.
იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ კანონპროექტს უახლოეს მომავალში დაჩქარებული წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.
ამჟამად პირადობის მოწმობის ბაჟი 2 ლარს და 50 თეთრს შეადგენს.