დოკუმენტების რესტავრაცია ეროვნულ არქივში

თარიღი: 18 იანვარი 2010

2009 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 24 345 ფურცელს, 618 ყდას, 154 ტექნიკურ ნახაზს, 239 ფერწერულ ესკიზს, 5 ფოტოალბომს, 1051 ფოტოპოზიტივს რესტავრაცია ჩაუტარდა. აღდგენითი  და საკონსერვაციო სამუშაოები მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში განხორციელდა.


რესტავრირებულ დოკუმენტთა შორისაა: საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილების ხელნაწერი დოკუმენტები - 1146 ფურცელი და 308 ყდა - 1429-1803 წლების წყალობის, შეწირულების, ნასყიდობის, მზითვის წიგნები. დოკუმენტები ასახავენ საქართველოს მეფეების: ალექსანდრე დიდის (I), გიორგი XI-ის, ბაქარ (ვახტანგ VI-ის ძე) მეფის, იმამყულიხანის (დავით II), შაჰნავაზის (ვახტანგ V), ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის მოღვაწეობას. გარდა ქართული დოკუმენტებისა,  რესტავრაცია ჩაუტარდა სპარსული საბუთების კოლექციიდან 18 დოკუმენტს. საბუთები წარმოადგენენ 1661-1810 წლებში გაცემულ შაჰის ფირმანებს, ოქმებს, ნასყიდობის წიგნებს. ისინი ასახავენ როგორც საქართველოს, ისე კავკასიისა და ირანის ისტორიას.


აღსანიშნავია, ასევე მე-18 საუკუნეში გადაწერილი, 400-ზე მეტი გვერდისაგან შემდგარი "რუსუდანიანის" რესტავრაცია.


2009 წელს ლაბორატორიაში დამუშავდა 200-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, რომელიც ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის ფონდში ინახება.


რესტავრაცია ჩაუტარდა ვახტანგ VI-ის მიერ დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში, 1709 წელს დაბეჭდილ პირველ წიგნს  - სახარებას (ორი ეგზემპლარი) და 1710 წლით დათარიღებულ კონდაკს (წირვისა და ღვთისმსახურების წესების კრებული).