''გზავნილი მომავალში'' ეროვნულ არქივში გაიხსნა

თარიღი: 20 იანვარი 2010

"კვირის პალიტრის" საუკუნის პროექტის -  "გზავნილი მომავალში" 2010 წლის სკივრი იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

ეროვნული არქივის საცავში 2000 წლიდან შენახული სკივრი ანსამბლ "ერისიონის" მრავალჟამიერის ფონზე "კვირის პალიტრის"მთავარმა რედაქტორმა გოგა თევდორაშვილმა გახსნა. სკივრში 2546 წერილი აღმოჩნდა, მათ შორის იყო 2010 წლისათვის საქართველოს პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილიც.  


პროექტი - "გზავნილი მომავლში" 2000 წლიდან დაიწყო. "კვირის პალიტრამ" მსურველებს საშუალება მისცა, მათი ახლობლებისათვის წერილები გაეგზავნათ, რომელსაც ისინი 1, 5, 10, 25, 50 და 100 წლის შემდეგ მიიღებდნენ. სკივრები ეროვნული არქივის საცავში ინახება.

ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დღევანდელ ღონისძიებაზე გამოთქვა სურვილი, გაგრძელდეს თანამშრომლობა "კვირის პალიტრასთან" და 2010 წელს ისევ შეგროვდეს წერილები, რომელსაც 2020 წელს მიიღებენ ადრესატები. "ამ სკივრში ჩვენც ჩავდებდით წერილებს მომავალი თაობებისათვის", - აღნიშნა თეონა იაშვილმა.  

"იმ სკივრს, რომელიც 25, 50 და 100 წლის ვადითაა დალუქული, ვადაზე ადრე არ გავხსნით. ახალი სკივრის გახსნის იდეას კი აუცილებლად განვიხილავთ", - განაცხადა "კვირის პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა.

2010 წლის სკივრში არსებული წერილების ადრესატთა სრული სია "კვირის პალიტრის" ნომრებში გამოქვეყნდება. წერილების მიღება შესაძლებელი იქნება "მედიაპალიტრის" ოფისში (იოსებიძის ქ. #49)  25 იანვრიდან 25 თებერვლამდე (შაბათ-კვირის გარდა, 12.00-დან 15.00 საათამდე).