საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 30 იანვარი 2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელმოწერის ცერემონიალი 2010 წლის 29 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა. მემორანდუმს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მოაწერეს ხელი.  

მემორანდუმი ხელს შეუწყობს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას, ეროვნულ უმცირესობებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად ჩაერთონ მათთან დაკავშირებული საკითხებისა და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მსჯელობებსა და დისკუსიებში, უფრო აქტიურს გახდის უწყებებს შორის ურთიერთობას.  

მემორანდუმი გაფორმდა საქართველო მთავრობის მიერ 2009 წლის 8 მაისს მიღებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

მსგავსი თანამშრომლობის მემორანდუმი 2009 წლის 14 დეკემბერს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორისაც გაფორმდა. სახალხო დამცველი უახლოეს ხანებში გააფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან.