სამეწარმეო რეესტრიდან ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრის გარდა სახალხო ბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი

თარიღი: 30 იანვარი 2010

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა და სახალხო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საჯარო რეესტრი და სახალხო ბანკი ერთობლივად კიდევ ერთ ახალ სერვისს შესთავაზებენ მომხმარებელს.ამიერიდან, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება საჯარო რეესტრის გარდა, სახალხო ბანკის ნებისმიერ ფილიალსა და სერვის-ცენტრში იქნება შესაძლებელი.

შესაბამისად, მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უკვე შეეძლებათ გამარტივებული წესით, საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, საკუთარ ოფისთან ახლოს მდებარე სახალხო ბანკის ნებისმიერ ფილიალს, ან სერვისცენტრს მიაკითხონ და მარტივად მიიღონ მომსახურება.

საჯარო რეესტრმა და "სახალხო ბანკმა" ერთობლივი პროექტების განხორციელება 2006 წლიდან დაიწყეს.
 
"სახალხო ბანკმა", როგორც დედაქალაქში ყველაზე ფართო ქსელის მქონე საფინანსო ორგანიზაციამ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ფრონტ-ოფისის ფუნქცია გაუწია. შესაბამისად, მოქალაქეები საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას "სახალხო ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვის-ცენტრში მიიღებენ.
 
"სახალხო ბანკის" 50-მდე ფილიალში უკვე განთავსებულია საჯარო რეესტრის წარმომადგენლობები.

საჯარო რეესტრისა და სახალხო ბანკის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად კი მომხმარებლისათვის მნიშვნელოვნად გამარტივდა სარეგისტრაციო პროცედურები და მიზანიც მიღწეულია - "სახალხო ბანკმა" და საჯარო რეესტრმა ერთობლივად სწრაფი და მოქნილი გახადეს მომსახურება.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ, სოსო წიქარიშვილმა განაცხადა, რომ "საჯარო რეესტრს სახალხო ბანკთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, ეს უკვე მეორე პროექტია, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ.სახალხო ბანკის და ჩვენი შესაძლებლობები გაერთიანდა და მოქალაქეებს უფრო მარტივი და მოქნილი მომსახურება შევთავაზეთ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შექმნა საინფორმაციო ტექნოლოგიების ძლიერი ბაზა, რამაც მოქალაქეებისთვის გააუმჯობესა სარეგისტრაციო პროცედურები, მათ თავიანთ უბანში, თავიათ სახლთან ან სამსახურთან ახლოს შეუძლიათ მიიღონ მომსახურება, ისე რომ არ მივიდნენ საჯარო რეეტრში.სააგენტოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ასევე კერძო კომპანიების საქმიანობის გაუმჯობესებასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. პროექტი სახელმწიფო ორგანიზაციის და კერძო საფინანსო ინსტიტუტის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის მაგალითია".