სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სია გადასცა

თარიღი: 01 თებერვალი 2010

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებისა და დამატებების, კერძოდ, მისი მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,  სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია, წელიწადში ოთხჯერ - ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 1 აგვისტოსა და 15 ნოემბერს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ (მათ შორის პირები ვისაც არჩევნების დღისათვის უსრულდებათ 18 წელი, ასევე ინფორმაცია გარდაცვალებულთა შესახებ), განახლებული ან ახალი მონაცემები გადასცეს ცესკოს. რომელიც ამ ინფორმაციას იყენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაახლებლად.

„კანონის შესაბამისად, მოვიტანეთ სიები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ყველა იმ ადამიანის შესახებ, ვისაც 2010 წლის მაისში 18 წელი უსრულდება.

განსხვავებაა 2009 წლის 1 აგვისტოს გადმოცემულ სიებსა და დღევანდელ სიებს შორის. მთლიანად შევცვალეთ გარდაცვალების რეგისტრაციის პროცედურა, რის შემდეგაც, პრაქტიკულად, ყველა ეს ფაქტი რეგისტრირდება. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმება ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მაისამდე, სანამ ჩვენ იმ პერიოდისათვის განახლებულ მონაცემებს წარმოვადგენთ"- განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ.

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დიდი შრომა გაწია ამ ბაზების დახვეწისა და შემდგომი განვითარებისათვის, იმედია, საზოგადოების მხრიდან გაიზრდება ნდობა", - აღნიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.

კანონის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1 თებევრლისთვის გადასცა საქართველოში რეგისტრირებულ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც საარჩევნო უფლებებით სარგებლობენ. ამ სიაში არ არიან იძულებით გადაადგილებული პირები და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. მათ სიას ცენტრალური საარჩევნო კომისია

ლტოლვილთა და განსახლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისაგან იღებს.
საარჩევნო კოდექსში 2009 წლის 28 დეკემბერის ცვლილბებამდე, სააგენტო ვალდებული იყო, ცესკოსთვის ინფორმაცია მიეწოდებინა წელიწადში ორჯერ - 1 თებერვალს და 1 აგვისტოს.