პროკურორები დანაშაულის პრევენციის მიზნით მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ

თარიღი: 02 თებერვალი 2010

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში პროკურორები 65-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს სამართლებრივ თემებზე გაკვეთილი ჩაუტარეს.
 
შეხვედრას უფროსი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საჯარო სკოლებში უსაფრთხოების დაცვა, მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის სამართალდამცველთა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა კოორდინირებული მუშაობა, ოჯახისა და საზოგადოების გავლენის მნიშვნელობა. ინტერაქტიულ შეხვედრაზე უფროსკლასელებს საშუალება ჰქონდათ პროკურორებისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. თავის მხრივ პროკურორებმა მოსწავლეებს განუმარტეს არსებული კანონები, ისაუბრებს დანაშაულის შესახებ და მის მძიმე შედეგებზე. 

შეხვედრაზე მოსწავლეებმა პროკურორებთან ერთად ნახეს კლიპი, რომელიც მთავარი პროკურატურისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით დამზადდა. იგი სწორედ არასრულწლოვანთა დანაშაულს ეხება, როგორ ხდება მოსწავლე ერთდროულად დამნაშავე და მსხვერპლი ცივი იარაღის ტარების მიმართ ოჯახისა და საზოგადოების გულგრილობის გამო.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანია 1 თებერვალს დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს პროკურატურამ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადა. ამ მიზნით, პროკურატურის ინიციატივით, მოხდა არასრულწოვანთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებმა განსაზღვრა - პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას.