საქართველოში დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა იწყება

თარიღი: 10 თებერვალი 2010

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით აპრილის თვეში კომპანია „გორბი" ეროვნული მასშტაბის დანაშაულის სოციოლოგიურ კვლევას ჩაატარებს. კვლევა შეეხება დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისადმი. პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

2010 წლის 10 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა. კვლევის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად უცხოელმა ექსპერტმა, კრიმინოლოგიის დოქტორმა, ტილბურგის (ნიდერლანდები) საერთაშორისო ვიქტიმოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა იან ვან დაიკმა კვლევის კითხვარის შემუშავებასა და მეთოდოლოგიის განსაზღვრაში ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციები გაუწია. პროფესორი იან ვან დაიკი დანაშაულის საერთაშორისო კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი და კრიმინოლოგიის დარგში არაერთი ცნობილი ნაშრომის ავტორია.

დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში შემთხვევითობის საფუძველზე შეირჩევა 3000 რესპოდენტი საქართველოს ყველა რეგიონში და მოხდება მათთან პირისპირ გასაუბრება. რესპოდენტთა ეს რიცხვი შეესაბამება ევროპის ქვეყნებში მსგავსი კვლევების განხორციელების სტანდარტს.               დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა ამგვარი მასშტაბის პირველი მეცნიერული კვლევითი პროექტია საქართველოში და იგი რეგულარულად, ყოველი წლის ბოლოს ჩატარდება, რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, გაირკვეს დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, დანაშაულის/უსაფრთხოების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, დანაშაულის ტენდენციები და რეგისტრირებული დანაშაულის/გახსნის მაჩვენებელის დონე გრძელვადიან პერსპექტივაში.

აქამდე დანაშაულის დონის განსაზღვრა საქართველოში მხოლოდ სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ხდებოდა. თუმცა, იმ დანაშაულების გარდა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია შედის სამართალდამცველ უწყებებში, ხშირია გაუცხადებელი დანაშაულიც. ქვეყანაში დანაშაულის დონის სწორად შესაფასებლად მნიშვნელოვანია სწორედ ე.წ. „დაფარული დანაშაულის" კვლევა.


დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა პირველად 1960-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. ახლა ამგვარი კვლევები მთელს მსოფლიოში გამოიყენება და დანაშაულის შესახებ ოფიციალურ მონაცემებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკური ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს.