ქონებრივი დანაშაულის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებმა ქართველი გამომძიებლებისთვის ტრენინგი გამართეს

თარიღი: 28 იანვარი 2011

იუსტიციის სასწავლო ცენტრში საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებისთვის  ტრენინგი მიმდინარეობს. სწავლების თემა ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაულის გამოძიებაა. ბაზელის ინსტიტუტის ქონებრივი დანაშაულის კვლევის საერთაშორისო ექსპერტები მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს დაცვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ისეთ საკითხებზე მსჯელობენ,  როგორიცაა - ფულის გათეთრება, ელექტრონული მტკიცებულებების შეგროვება, შემოსავლების წარმოშობის დადგენა, სამართლებრივი ურთიერთდახმარება და სხვა.

ტრენინგი ინტერაქტიულია, ექსპერტები და მონაწილეები ფიქტიურ საქმეებს განიხილავენ და მათი გამოძიების სქემას ადგენენ.  სწავლების ბოლოს კი თითოეული მონაწილე  დამოუკიდებლად წარმოადგენს ერთი ფიქტიური საქმის გამოძიების პრეზენტაციას.

სემინარი უცხოელ ექსპერტთა ხელმძღვანელობით 30 იანვრამდე გასტანს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა.