ID ბარათები მოქალაქისთვის სერვისის მიწოდების პრაქტიკას მთლიანად შეცვლის

თარიღი: 28 იანვარი 2011

ID ბარათების სისტემის ამუშავებასთან დაკავშირებით საქართველოში გერმანული კომპანია "მიულბაუერის" ხელმძღვანელი ჩამოვიდა.

დღეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და გერმანული კომპანია "მიულბაუერის" ხელმძღვანელმა ჟოსეფ მიულბაუერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

გერმანული კომპანია "მიულბაუერი"გახდა ქართული ელექტრონული პირადობის მოწმობების დამზადებისა და პერსონალიზაციის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული. "მიულბაუერი" არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც  დაცული დოკუმენტების წარმოებასა და განვითარების კუთხით 25 წლიანი გამოცდილება აქვს.

საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების (ID ბარათების) სისტემა მიმდინარე წლის ზაფხულიდან შევა ექსპოლუატაციაში. ახალი მოწმობა პლასტიკური ბარათის ტიპის იქნება, რომელშიც  ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი განთავსდება.
ID ბარათები არსებითად გაამარტივებს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ყველაზე დიდი პროექტის განხორციელების დასაწყისი სააგენტოს ხუთი წლის იუბილეს დაემთხვა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით.

"მომავალში ID ბარათები ჩაანაცვლებს ძალიან ბევრ დოკუმენტს, რომელიც ჩვენ მრავლად გვაქვს. ახალი პროექტი მოქალაქისთვის სერვისის მიწოდების პრაქტიკას მთლიანად შეცვლის: თუ დღეს ადამიანს სხვადასხვა მომსახურების მისაღებად რამდენიმე კერძო, თუ სახელმწიფო უწყებაში უწევს მისვლა, მომავალში მას შეეძლება ონლაინ რეჟიმში - კომპიუტერის მეშვეობით მოაწეროს ხელი დოკუმენტს, გააგზავნოს ელექტრონული ფოსტით, რასაც უკვე ოფიციალური ძალა ექნება. ეს თავის მხრივ, სახელმწიფო დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჟოსეფ მიულბაუერის თქმით, ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა  საშუალებას იძლევა უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, წვდომა მოხდეს სახელმწიფო ბაზებთან. მისი განცხადებით, კომპანია "მიულბაუერს" დაცული დოკუმენტების წარმოების სფეროში ორასამდე სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული.