იურიდიული ლექსიკონის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 22 იანვარი 2013

22 იანვარს,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი - იურიდიული ტერმინოლოგიის პირველი კომპლექსური ერთენოვანი ლექსიკონი, რომელიც ქართველი სამართალმცოდნეების მიერაა შექმნილი და გერმანული განმარტებითი ლექსიკონის ე.წ. Creifelds-ის ქართულენოვან ანალოგს წარმოადგენს. მასში დაახლოებით 6 000 სიტყვაა თავმოყრილი.

განმარტებითი იურიდიული ლექსიკონის გამოცემის მიზანი ერთიანი იურიდიული სივრცის ფორმირების აუცილებლობა, აგრეთვე - იურიდიულ  ტერმინთა ნათელი დეფინიცია და კლასიფიკაციაა.

ლექსიკონი უდაოდ დიდ დახმარებას გაუწევს იურიდიულ სფეროში მომუშავე სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებსა თუ მეცნიერებს.