იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავდებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს

თარიღი: 25 იანვარი 2013

24 იანვარს, იუსტიციის სამინისტროსა და  „საქართველოს გაეროს ასოციაციის" ერთობლივი  პროექტის - „ჩემი უფროსი მეგობარის"  ფარგლებში „სისხლის ჩაბარების დღე" მოეწყო. სამინისტროს თანამშრომლებმა და სტუდენტებმა სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის გაიღეს.

საქველმოქმედო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო. პროცედურაში მონაწილეობა ყველა იმ მსურველს შეეძლო, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სისხლის გაღების მსურველებს იაშვილის კლინიკის სპეციალისტები მოემსახურნენ.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, ყოველწლიურად, ბავშვთა ლეიკემიის 45 შემთხვევა ფიქსირდება. პატარა პაციენტები თვეში 21 ლიტრამდე სისხლის გადასხმას საჭიროებენ, რაც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია ლეიკემიის მკურნალობის პროცესში. მიუხედავად დაავადების სირთულისა, ავადმყოფობა განკურნებადია. პატარების სიცოცხლის გადასარჩენად კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა სისხლის შეუფერხებელ გადასხმას ენიჭება. საქველმოქმედო აქცია იუსტიციის სამინისტრომ სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დაგეგმა.

პროგრამა „ჩემი უფროსი მეგობარი" იუსტიციის სამინისტროსა და  „საქართველოს გაეროს ასოციაციის" ერთობლივი პროექტია. მისი მიზანი არასრულწლოვან მოზარდებში დანაშაულის ჩადენის პრევენცია, არასრულწლოვნებში სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება და თავისუფალი დროის სწორად დაგეგმვის ხელშეწყობაა.