ანტიკორუფციული საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა

თარიღი: 25 იანვარი 2013

25 იანვარს, სასტუმრო „შერატონში"   ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

აღნიშნული შემადგენლობით საბჭო პირველად შეიკრიბა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მის მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა  დამატებით რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს მიეცათ.

 

ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. განახლებული საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხებზე, „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული გამოთხოვის საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს სხდომის მონაწილეებმა, ანტიკორუფციულ მიმართულებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები მოისმინეს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ორგანოა, რომელიც განსაზღვრავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, შეიმუშავებს ქვეყნის ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და განხორციელების სამოქმედო გეგმას.