ნოტარიატის შესახებ კანონმდებლობის რეფორმირება იგეგმება

თარიღი: 26 იანვარი 2013

26 იანვარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნოტარიუსებს შეხვდა. მინისტრი თბილისისა და რეგიონიდან ჩამოსულ 100-მდე ნოტარიუსს არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ნოტარიუსი უკანონო ქმედებას არავის დავალებით აღარ ჩაიდენს.  

„ნოტარიუსი ჩვენი ქვეყნის მოქალაქის სანდო და მიუკერძოებელი მსახური უნდა იყოს. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოთ. წარსულს ჩაბარდა ის მანკიერი დრო, როცა მოქალაქეებს აიძულებდნენ, ქონება საკუთარი ნების წინააღმდეგ გაესხვისებინათ და ამას შუაღამისას ნოტარიუსი აკანონებდა. გარდა ამისა, დაიწყო გეგმური და სისტემატური შემოწმებები, რომ უკანონობის ჩამდენი ნოტარიუსები გამოვლინდნენ და გათავისუფლდნენ" - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე, სიახლეებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა. თეა წულუკიანმა ნოტარიუსებს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივები და მიზნები გააცნო. იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალმთიანი და დაბალშემოსავლიანი რეგიონების მოსახლეობისათვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობაა. მინისტრის განცხადებით, დაწესდება გარკვეული შეღავათები, რათა ყველა იმ რეგიონში, სადაც ამჟამად სანოტარო ბიურო არ მოქმედებს, ნოტარიუსებს მუშაობის სურვილი და მოტივაცია გაუჩნდეთ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში უკვე მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ამა წლის გაზაფხულზე დაინიშნება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და სტაჟირება. ნოტარიუსთა პალატა მაღლამთიან რეგიონებში ნოტარიუსობის კანდიდატებს დაეხმარება სწავლის ხარჯების გაწევაში და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მათ სანოტარო ბიუროს მოწყობასა და სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში. გარდა ამისა, იგეგმება ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში მთელი რიგი ცვლილებების შეტანა.

შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა აღნიშნულ სიახლეებთან დაკავშირებით ნოტარიუსთა მოსაზრებები და წინადადებებიც მოისმინა.