იუსტიციის მინისტრი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

თარიღი: 31 იანვარი 2013

31 იანვარს,  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ  იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბარამიძე, აგრეთვე - ვენეციის კომისიის წარმომადგენლები.

დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს  მართლმსაჯულების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით პირველი  შთაბეჭდილებები  გაუზიარეს.

„საკანონმდებლო ცვლილების მიზანი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნაა. ვენეციის  კომისია,  რა  თქმა  უნდა,  იზიარებს  იმას, რომ  საქართველოში  უნდა  არსებობდეს  დამოუკიდებელი,  ნეიტრალური  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭო.  რაც  შეეხება დეტალებს,  მათი განხილვა ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფთან მოხდება, რომლებიც საქართველოში თებერვლის პირველ კვირაში ჩამოვლენ", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

შეხვედრა დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმაც. მისი განცხადებით, ქართული მხარისა და ვენეციის კომისიის ხედვა საერთოა ძალიან ბევრ  საკითხთან დაკავშირებით. ჯანი ბუკიკიომ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი კანონმდებლები, სამართალმცოდნეები, იურისტები, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება წარმატებულად ითანამშრომლებენ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავენ შეხვედრებს.