იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება

თარიღი: 01 თებერვალი 2013

2 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიზიტის მიზანი   საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროცედურებისა და მექანიზმების გაცნობაა.

„საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში 2004 წლიდან მოქმედებს, თავისთავად ის  სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მექანიზმია, მაგრამ, ყველასათვის ცნობილია, რომ პრაქტიკაში მან არასწორი, მახინჯი ფორმა შეიძინა, რაც იწვევდა როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე - საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლიან კრიტიკას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ საკანონმდებლო დონეზე ხარვეზების გამოსავლენად დელეგაცია აშშ-ს კანონმდებლობას გაეცნობა. იმ საკითხების შესასწავლად კი, თუ  როგორ ფუნქციონირებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, ქართველი იურისტები შეხვედრებს მოქმედ მოსამართლეებთან გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შერჩევის პროცესსა და სასამართლო პროცედურებსაც გაეცნობა.

ვიზიტი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერაა მომზადებული და ის ერთ კვირას გასტანს.