იუსტიციის სამინისტროში შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები დამსაქმებელთა გაერთიანებებთან ერთად განიხილეს

თარიღი: 01 თებერვალი 2013

1 თებერვალს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე  ბარამიძე,  შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ დამსაქმებელთა სხვადასხვა გაერთიანებებს შეხვდა. შეხვედრები, რომელსაც ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ, იუსტიციის სამინისტროში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ალექსანდრე ბარამიძე და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციის, ამერიკის სავაჭრო პალატის, ბანკების ასოციაციის და, ასევე, HR გილდიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრამ  კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. დეტალურად განიხილეს ის შენიშვნები, რომელიც დამსაქმებელთა გაერთიანებებს შეთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ქონდათ. ბევრი თემა შეთანხმდა, თუმცა, ალექსანდრე ბარამიძის ინფორმაციით, იმ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც შრომის კანონმდებლობა იცვლება, მიდგომები არ გადაიხედება. საქმე ეხება  ისეთ საკითხებს, როგორიცაა დასაქმებულის სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლება და სხვ.

შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ალექსანდრე ბარამიძე და სამუშაო ჯგუფის წევრები, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პროფკავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება კანონპროექტის საბოლოო რედაქცია, რომელიც ჯერ - საქართველოს მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.