იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე პარიზში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

თარიღი: 01 თებერვალი 2013

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე    პარიზში იმყოფება. დავით ჯანდიერი საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის პატრონაჟით ტარდება და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს ეძღვნება. საქართველოს წარმომადგენლების გარდა, მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი იურისტები და უფლებათადამცველები მონაწილეობენ.

ღონისძიების ფარგლებში დავით ჯანდიერმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა და საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

დავით ჯანდიერმა შეხვედრები გამართა საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სენატში, უზენაეს (საკასაციო) სასამართლოში, ადვოკატთა ასოციაციასა და ნოტარიუსთა პალატაში. ფრანგულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა, განახორციელოს საქართველოში კონკრეტული პროგრამები და პროექტები, დაგეგმოს ტრეინინგები ქართველი იურისტებისათვის,  გაუზიაროს ქართველ სამართალმცოდნეებს გამოცდილება ადმინისტრაციული სამართლის დარგში და დაეხმაროს მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაცია შესაძლებლობას მისცემს ქართველ ადვოკატებს, სტაჟირება გაიარონ საფრანგეთის სხვადახვა ქალაქში. საფრანგეთის ნოტარიუსთა პალატის სტრუქტურისა და სამუშაო სპეციფიკის გასაცნობად კი საფრანგეთს ქართველი ნოტარიუსები ეწვევიან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის I მოადგილის ვიზიტი პარიზში 1 თებერვალს სრულდება.