სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 05 თებერვალი 2013

5 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებში ითანამშრომლებენ. ასოციაცია დაეხმარება იუსტიციის სამინისტროს პროგრამაში ჩართულ სოციალურ მუშაკებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგში, დაგეგმავს და განახორციელებს მათთვის ტრეინინგებსა და სემინარებს.

ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანის ინიციატივით  დაიწყო. მისი მიზანი იმ ადამიანებზე ზრუნვაა, რომლებიც  ერთხელ უკვე მოხვდნენ საპატიმროში. პროგრამა მიმართულია ყოფილი პატიმრის  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ხელახალი მოხვედრის ალბათობის შემცირებისაკენ.

სოციალური მუშაკების ჩართულობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სოციალური მუშაკების მეშვეობით ხორციელდება ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროცესი.  პროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციართან მუშაობს სოციალური მუშაკი. ის ყოფილ მსჯავრდებულთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას (არასრულწლოვნის შემთხვევაში ერთვება კანონიერი წარმომადგენელიც) და მინიტორინგს უწევს მის განხორციელებას. სოციალური მუშაკისა ყოფილი მსჯავრდებულის თანამშრომლობა ექვსი  თვის მანძილზე გრძელდება.

ამდენად, სოციალური მუშაკის მაღალი კვალიფიკაცია  ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროექტის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.