„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა

თარიღი: 03 ივნისი 2015
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მისი თქმით, ის, რომ საქართველო მასპინძლობს ამ მასშტაბის ღონისძიებას, იმ რეფორმების შედეგია, რასაც ქვეყანა ატარებს მთავრობის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ მოწოდებულნი ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისათვის. ღია მმართველობა საქართველოს ხელისუფლებისათვის არის ბევრად მეტი, ვიდრე იდეა ან ინიციატივა... ინსტიტუციური დემოკრატიისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ინსტიტუციური ცვლილებები; საჭიროა, აგრეთვე, ცვლილებები ინსტიტუციურ კულტურაში... ჩვენ შევცვალეთ და მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას, რადგან ღია მმართველობა, როგორც კულტურა, არის ჩვენი რეფორმების განუყოფელი ნაწილი“, − განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

„მინდა, ხაზი გავუსვა მუდმივი დიალოგის მექანიზმს, რომელიც წარმატებით ხორციელდება „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში. საჯარო კონსულტაციებისა და მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ჩვენ უკვე შევიმუშავეთ მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმა. დღევანდელ მსოფლიოში ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება სწორედ ღია მმართველობის იდეას უკავშირდება. ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობა ღია მმართველობის ინიციატივის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია... ჩემი სურვილია, საჯარო ადმინისტრირება გაუმჯობესდეს არა მარტო დედაქალაქში, არამედ სოფლებშიც, რომ მოსახლეობამ მაქსიმალურად ეფექტურად მიიღოს არა მარტო სერვისები, არამედ ინფორმაციაც“, − განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამ კუთხით საზოგადოებრივი ცენტრების როლი უმნიშვნელოვანესია.

„ეს ცენტრები გამიზნულია იმისათვის, რომ მოქალაქეებს ადგილზე  ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდოთ საჯარო და კერძო სწრაფი სერვისები; ასევე, ერთიან სოციალურ-კულტურულ და საკომუნიკაციო სივრცედ ჩამოყალიბდეს ბიბლიოთეკები, მათ შორის, ელექტრონული ბიბლიოთეკები, უფასო კომპიუტერები და ინტერნეტი.  ჩემი მიზანია, რომ ეს სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ იყოს“, − აღნიშნა პრემიერმა.

სიტყვის დასასრულ, მთავრობის მეთაურმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპული კონფერენციის დელეგატებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

„ჩვენ ვართ მოტივირებული, საქართველო გარდავქმნათ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მჯერა, თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების − ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, მხარდაჭერა, რომ რეალური დემოკრატია დამკვიდრდეს საქართველოში. ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ და მჯერა, ამაში დაგეხმარებათ ჩვენი არაჩვეულებრივი სამზარეულო და ქართული ღვინო“, − მიმართა პრემიერმა „OGP“-ის კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომლის აქტიური ჩართულობით საქართველო აღნიშნულ პლატფორმაზე ღირსეულად არის წარმოდგენილი.