ფოთში იუსტიციის სახლის მეთოთხმეტე ფილიალი საზეიმოდ, გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა

თარიღი: 27 ივლისი 2015
დღეს, 27 ივლისს, ფოთში იუსტიციის სახლის მეთოთხმეტე ფილიალი საზეიმოდ, გრანდიოზული სანახაობითა და კონცერტით გაიხსნა. იუსტიციის სახლი საპორტო ქალაქში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთის იუსტიციის სახლის გახსნა ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის სახალხო ზეიმის ფორმატში წარიმართა. ფოთის მოსახლეობას, შემოგარენი სოფლებიდან და დედაქალაქიდან ჩასულ სტუმრებს დაუვიწყარი სანახაობა მოუწყეს.
იუსტიციის მინისტრმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და ფოთის მოსახლეობას. მან თავის გამოსვლაში განაცხადა:
„იუსტიციის სამინისტროს დევიზია „ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის!“ პროგრესი, რომლისთვისაც 4000 იუსტიციელი მუშაობს, ნიშნავს ქვეყნის საკანონმდებლო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას, სისხლის სამართლის რეფორმას, კერძო და სამეწარმეო სამართლის რეფორმას, მიგრაციის პოლიტიკის რეფორმას, რეფორმას ქალთა და ბავშვთა უფლებებში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მიმართულებაა; მეორე მიმართულება კი, იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაა და აქ პრიორიტეტს რაიონებსა და სოფლებს ვანიჭებთ. ამიტომაც მიმდინარეობს იუსტიციის სახლების, სოფლად კი, საზოგადოებრივი ცენტრების უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით მშენებლობა და, რაც, ასევე, მთავარია ეროვნული სახელმწიფოსთვის − იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რეგიონული ოფისებისა და საცავების მშენებლობა. ჩვენ ვიზეიმებთ ძალიან მალე იუსტიციის სახლების გახსნას ყაზბეგში, თიანეთში, ბორჯომში, მცხეთაში, ონში, ლაგოდეხში, ახალქალაქში; საზოგადოებრივ ცენტრებს − კაბალში, მარტყოფში, ჩაქვში, ხრეითში, რუხში, იორმუღანლოში, სადახლოში, დიდ ჯიხაიშში; ეროვნულ არქივებს − ზუგდიდში, ახალციხეში, ქუთაისში.

საქართველოში სახელმწიფოებრიობა მტკიცდება, საქართველოში სახელმწიფო ძლიერდება და დღეს მოქალაქე თავისუფალია.

განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ფოთის ახალგაზრდებს და ვუთხრა, რომ მე და ჩემმა თაობამ, ომების თაობამ, ლამის უკვე ჩავიარეთ. მალე თქვენი დრო დადგება, რომ აკეთოთ და აშენოთ. ამას კი სჭირდება განათლება და მონდომება, ამას სჭირდება შნო და სისხარტე. ამიტომაც ისწავლეთ, ემზადეთ, ემზადეთ არა მხოლოდ საკუთარი მომავლის, არამედ ქვეყნის მომავლის შენებისათვის. დასაკარგავი დრო არ არის!

აქვე აღვნიშნავ, რომ დღევანდელ ზეიმს ფოთელ ახალგაზრდებთან ერთად ესწრებიან ჩემი ახალგაზრდა მეგობრები ფოკის საჯარო სკოლიდან. ისინი არ არიან ფოთში სტუმრები. საქართველო მათი სამშობლოა და მათ ჩემსავით იციან ქართული, ჩვენი სახელმწიფო ენა, რომელიც ყველას გვაერთიანებს და რომლის ცოდნაც აუცილებელია წარმატებისთვის ამ ქვეყანაში. ეს ზეიმი მათთვის, მჯერა, იქნება ერთი კარგი სამახსოვრო და კიდევ ბევრი სამახსოვრო წინ გველის, რაკი მე მათთან ერთად ხვალ აქედან სვანეთის გზას შევუდგები. ჩვენ არ გვყავს არც ერთი ეთნიკური უმცირესობის შვილი დასაკარგავი“!
შოუზე მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, ენახა   ფერადი კვამლის ფოიერვერკი.  სპეციალურად ფოთის იუსტიციის სახლის გახსნისთვის მომზადდა კოსტუმირებული მუსიკალური შოუ, დრამერების კოსტუმირებული სანახაობა  და სხვა მრავალი საინტერესო ელემენტი. საზეიმო გახსნა  ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტით დაიხურა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნას მთავრობის, დიპლომატთა კორპუსის, პარლამენტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფოთის  იუსტიციის სახლის კონცეფციაც, სხვა ფილიალების მსგავსად, სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს. ფოთის მოსახლეობას უკვე დღეიდან აქვს საშუალება, 400-მდე სერვისი მომსახურების უმაღლესი სტანდარტით უმოკლეს დროში მიიღოს. 
მომსახურების დარბაზი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად − თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცედ. სწრაფი მომსახურების სივრცეში ფოთელი მომხმარებელი სასურველ სერვისს 1-5 წუთამდე დროში მიიღებს, ხოლო ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში − 15 წუთამდე დროში; ლოდინის პერიოდი კი, საშუალოდ, 15 წამიდან 1,5  წუთამდე გასტანს.  
იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნა საქართველოს მასშტაბით კიდევ 6 ქალაქში − ყაზბეგში, თიანეთში, ბორჯომში, ლაგოდეხში, ახალქალაქსა და მცხეთაში − იგეგმება; ამ დროისთვის კი, იუსტიციის სახლის ფილიალები, პრაქტიკულად, ყველა  მსხვილ ქალაქში მოქმედებს და ჯამში დღის განმავლობაში 23 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება.