იუსტიციის მინისტრი: „რეფორმისა და სტაბილურობის გარეშე არ არსებობს პროგრესი“

თარიღი: 22 ოქტომბერი 2015
იუსტიციის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. ღონისძიება დღეს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. თეა წულუკიანმა მუშაობის შედეგები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან, დიპლომატიური კორპუსისა და ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეაჯამა. მინისტრის გამოსვლის დიდი ნაწილი იუსტიციის სამინისტროს მიერ  განხორციელებულ სამუშაოებს დაეთმო. ბოლოს იუსტიციის მინისტრმა ამჟამად მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით თეა წულუკიანმა შემდეგი თემები გამოყო:
„შედგენილია სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯული რედაქცია, რომელიც ჩვენს კოდექსს ევროპულ სამართლებრივ ტექსტად აქცევს და ნაფიც მსაჯულთა რეფორმა ამ ინსტიტუტის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად; შემუშავდა ინფორმაციის თავისუფლების აქტი; მომზადდა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მოძველებულ კანონს და რომელიც აგებულია კორპორატიული სამართლის დარგში ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად“, − განაცხადა მან.

იუსტიციის მინისტრის თქმით, 2016 წელს 4 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება და  15 საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.
„წლის ბოლოდან დამკვიდრდება ნოტარიუსების შემოწმება მისტიური მომხმარებლის მეშვეობით, რადგან ჩემი პრიორიტეტია, საქართველოს ნოტარიუსებმა სამაგალითო ხარისხის მომსახურება შეძლონ; დასრულდება ამზომველთა საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმებზე მუშაობა და დაიწყება მათთან კონსულტაციები; განხორციელდება ციფრული შტამპისა და ციფრული ხელმოწერის პროექტები, რაც გაამარტივებს მთელ რიგ ბიზნესპროცესებს; გაგრძელდება ეროვნული სივრცითი მონაცემების შექმნა; ვთანამშრომლობთ ნატო-ს პროგრამასთან, რათა გავზარდოთ  ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების კიბერუსაფრთხოება“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა სამინისტროს მუშაობაში; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს.

„მადლობას ვუხდი პარტნიორებს რეფორმატორულ საქმიანობაში მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით კი − ევროკავშირს, „UNICEF“-ს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს, „GIZ“-ს, „IRZ“-ს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, „USAID“-ს, „UNDP“-ს, „ICMPD“-ს, მსოფლიოს ბანკს, „IREX“-ს, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს, „SIDA“-ს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას და ქალთა ყველა ორგანიზაციას საქართველოში, „British Council“-ს, ჩვენს მრჩევლებს ევროკავშირიდან და ევროსაბჭოდან − ბატონებს − თომას ჰამარბერგსა და მაიკლ ობოილს; ასევე, მადლობას ვუხდი საზოგადოებრივი ცენტრების პროექტში ჩვენს ერთგულ პარტნიორებს კერძო სექტორიდან − ლიბერთი ბანკს, მაგთის, ხოლო ყოფილ პატიმრებზე მზრუნველობისთვის − თითოეულ სამინისტროს, თბილისის მერიას, კომპანია „გეოკოს“, კურორტ საირმეს, ქალბატონ ელისო ვირსალაძეს და თელავის ფესტივალს; და ბევრ სხვა კომპანიას, რომელთა სია, საბედნიეროდ, უკვე გრძელია“, − განაცხადა მან.