იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 11 მარტი 2017
იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით ითანამშრომლებენ. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს თეა წულუკიანმა და სოზარ სუბარმა. მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროში გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი სერვისების მიწოდების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც სამინისტროებს, ისე მათი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (სსიპ) შორის.
 
მემორანდუმის მიზანი სერვისების მიწოდების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამისათვის იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები კონსულტაციების საფუძველზე შექმნიან თემატურ ჯგუფებს, გამართავენ კონსულტაციებს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. უწყებები ერთობლივ პროექტებსაც დაგეგმავენ და განახორციელებენ.
 
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და მას იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ. იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს სწრაფი და კომფორტული მომსახურებით, მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში 30-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას  ე.წ. კონფლიქტური და მაღალმთიანი რაიონების სიახლოვეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმით იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის.