საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დახმარებით დანაშაულის პრევენციის ცენტრმა და „ანტრე 2008“-მ ბავშვთა დასახმარებლად ერთობლივი პროექტი დაიწყო

თარიღი: 14 მარტი 2017
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ შპს „ანტრე 2008“-თან ითანამშრომლებს. მისი მიზანია დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე არსებული მედიაციის სახლის ბენეფიციარების, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგონებისა და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების, საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა.
თანამშრომლობის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონი  და კომპანია „ანტრეს“ პარტნიორი ჟან-მიშელ შარლი დაესწრნენ.

კომპანია „ანტრეს“, შიდა სტანდარტის მიხედვით, ყოველდღიურად აქვს რესურსი, რომ თავისი მაღალი ხარისხის მზა პროდუქცია გარკვეული პირობების დაცვით მედიაციის სახლის ბენეფიციარებს მიაწოდოს.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი „ანტრესთან“, რომელმაც სოლიდარობა გამოიჩინა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარი  არასრულწლოვნების, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, მიმართ. „კომპანია „ანტრეს“ აქვს ყოველდღიური რესურსი იმისა, რომ თავისი მაღალი ხარისხის მზა პროდუქცია ჩვენს ბენეფიციარებს გადასცეს. შევთანხმდით პირობებზე, რა პირობებში მოხდება ეს, და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, როგორც ფრანგულ კომპანიას საქართველოში, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობის ესოდენ დიდი მაგალითი გვაჩვენა დღეს“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც ანტუან ბარდონმა განაცხადა, ის მოხარულია, რომ საფრანგეთის კომერციული პალატა  საქართველოში მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება  საკვების დანაკარგის შემცირებისკენ. „დღის ბოლოს საკმაო ოდენობის მაღალი ხარისხის პროდუქტი რჩება გასაყიდი, რომელსაც გადავცემთ  ბავშვებს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი საკვები. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ პირველები ჩავერთეთ სოციალური სოლიდარობის პროცესში იუსტიციის სამინისტროსთან ერთად“.
როგორც ცნობილია, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მედიაციის სახლში 2014 წელს დაფუძნდა „დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო“, რომლის ფუნქციად რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამებისა და პროექტების  შემუშავება განისაზღვრა. შარშან მედიაციის სახლი 415 არასრულწლოვანს (225 გოგონა, 190 ვაჟი) მოემსახურა, რომელთაგან 89 მიუსაფარი ბავშვი იყო; ასევე, სერვისი მიიღო 28 მშობელმა და განათლების სისტემაში დასაქმებულმა ბავშვებთან მომუშავე 282-მა პროფესიონალმა.

მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება  განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. ცენტრი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს.