ეუთო-ს ადამიანური განზომილებების კომიტეტის სხდომაზე საქართველომ ანგარიში წარადგინა

თარიღი: 28 მარტი 2017
საქართველომ ეუთო-ს ადამიანური განზომილების კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარადგინა, რომელიც ქვეყანაში ადამიანთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისათვის გატარებულ ღონისძიებებს და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს ეხება. საქართველოს მხარის მოსმენის ინიციატივა ეკუთვნის კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას − დიდ ბრიტანეთს. ევროპის ქვეყნებმა სურვილი გამოთქვეს, გასცნობოდნენ ქართულ გამოცდილებას წამების პრევენციისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ნებაყოფლობითი ანგარიში კომიტეტის სხდომაზე წარადგინა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა  უწყებამ − იუსტიციის სამინისტრომ.

ანგარიშში ასახული იყო ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა და ეროვნული სტრატეგია; პრევენციის ეროვნული მექანიზმის როლი; არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფა, პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება და სხვა.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო-ს) ადამიანური განზომილების კომიტეტი ეუთო-ს სტრუქტურის ფარგლებში შექმნილი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებსა და დემოკრატიული განვითარების და მართლწესრიგის პრობლემების განხილვისა და მონიტორინგის მექანიზმია, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფოთა მიერ  ეუთო-ს ჩარჩოებში აღებული ყველა ვალდებულების შესრულებას.