ანტიკორუფციული საბჭოს ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული და შემაჯამებელი შეხვედრა

თარიღი: 28 მარტი 2017
28 მარტს ანტიკორუფციული საბჭოს ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული და შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც  „USAID“-ის პროექტის − „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ − მხარდაჭერით გაიმართა,  ანტიკორუფციული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა; აგრეთვე, 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესისა და მონიტორინგის ანგარიშები წარმოადგინა.

ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებულია სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის“ (OECD-ACN) რეკომენდაციები, აგრეთვე, ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე საქართველოს მიერ ნაკისრი ანტიკორუფციული ვალდებულებები.  

პროგრესისა და მონიტორინგის ანგარიშები მომზადებულია ანტიკორუფციული საბჭოს მიერ დამტკიცებული მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით. ანგარიშებში 14 სტრატეგიული პრიორიტეტის შესაბამისად ასახულია ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სამიზნეების მიღწევის პროცესი, ზოგადი მიზნების მიღწევის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, გამოწვევები, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს შეფასებები და რეკომენდაციები სამომავლო პროცესის დაგეგმვის მიზნით.
 
ანტიკორუფციული საბჭოს ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფის გაფართოებულ და შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; თბილისის, რუსთავისა და თელავის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.