ბელარუსის დელეგაცია საქართველოს სააღსრულებო სისტემასა და არასააღსრულებო სერვისებს ეცნობა

თარიღი: 29 მარტი 2017
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ბელარუსის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იოსებ ბაღათურია და ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამმართველოს წარმომადგენლები.

ალექსანდრე ბარამიძემ ანდრეი ავდეევს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღსრულების სფეროს მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად განახორციელა. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის ორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტს და სხვ.

საქართველოს აღსრულების სისტემით ბელარუსი 2016 წლის მაისში დაინტერესდა.  საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის იუსტიციის მინისტრს აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც უმასპინძლა და უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით ბელარუსმა კოლეგებმა ქართველი აღმასრულებლები მინსკში მიიწვიეს. გაიმართა სამუშაო შეხვედრები  ბელარუსის იუსტიციის სამინისტროსა და სააღსრულებო ინსტიტუტების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.

ბელარუსის დელეგაციის განმეორებითი ვიზიტი საქართველოში 28 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. ვიზიტის მიზანი საქართველოს სააღსრულებო სისტემის მუშაობის უკეთ გაცნობა და აღსრულების მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, მათ შორის, აღსრულებაში IT გადაწყვეტებისა და კერძო აღმასრულებლის მუშაობის შესახებ.