სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, 2004-2005 წლებში მოქმედი მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცედურები არღვევდა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს

თარიღი: 29 მარტი 2017
2017 წლის 28 მარტს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე −  „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“.
2004 წლის 3 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება აბაშის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ბატონი მიტროფანე სტურუას, მიმართ. 2004 წლის 23 დეკემბერს 4 წევრისგან შემდგარმა სადისციპლინო კოლეგიამ საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურების მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ბატონმა სტურუამ აღნიშნული გადაწყვეტილება გადასინჯვის მიზნით გაასაჩივრა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში. საბჭოს 8 წევრიდან 4, მათ შორის, თავმჯდომარე, იყო იგივე პირი, რომლებმაც განიხილეს საქმე სადისციპლინო კოლეგიაში. 2005 წლის 27 იანვარს სადისციპლინო საბჭომ უცვლელად დატოვა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება. 2005 წლის 11 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საკასაციო საჩივარი.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბატონ მიტროფანე სტურუასთან მიმართებით დაირღვა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რადგან  სადისციპლინო საბჭოში მისი საჩივრის განხილვაში იგივე ოთხი მოსამართლე მონაწილეობდა, რომლებმაც სადისციპლინო კოლეგიაში მიიღეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. ანუ, ზემდგომ ორგანოში ამ პირებს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორე უნდა შეეფასებინათ, რაც არღვევდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ მიუკერძოებლობის სტანდარტს. სტრასბურგის სასამართლომ, აგრეთვე, დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლო არ იყო ეფექტური მექანიზმი მსგავსი დავების საკასაციო წესით განხილვისთვის.

2004-2005 წლებში არსებული ხარვეზიანი და ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო მოსამართლეთა სადისციპლინო პროცედურების გამო, საქართველოს მომჩივნის სასარგებლოდ არამატერიალური ზიანის სახით − 3 500 ევროს, ხოლო გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით 3 380 ევროს გადახდა დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სასამართლო სისტემის რეფორმის შედეგად ხსენებული ხარვეზები დღეისათვის აღმოფხვრილია და მოსამართლეთა სადისციპლინო სამართალწარმოების მოქმედი წესი, ევროპული კონვენციის მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხილვის შესაძლებლობას. კერძოდ, 2013 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.

2017 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები, რომელთა შედეგადაც შეიქმნა მოსამართლეთა დაცვის დამატებითი სამართლებრივი გარანტიები, დაიხვეწა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი,  მოხდა მისი ეტაპების ოპტიმიზაცია და უზრუნველყოფილია დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გამჭვირვალობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ცვლილებების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს აღარ აქვთ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება მიენიჭა დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს. მითითებული სიახლე უფრო მეტად უზრუნველყოფს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლებას.