„OGP“-ის სამდივნო საქართველოს, როგორც პარტნიორობის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებს ეცნობა

თარიღი: 03 აპრილი 2017
იუსტიციის სამინისტროს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამდივნოს წარმომადგენლები ეწვივნენ. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ „OGP“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯო პაუელი და სამოქალაქო საზოგადოების მიმართულების დირექტორი პოლ მაასენი მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს, როგორც „OGP“-ის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ პრიორიტეტებზე. როგორც ცნობილია, საქართველო „OGP“-ის 2017 წლის სექტემბრიდან უხელმძღვანელებს.

„როგორც ცნობილია, საქართველო დღეს საფრანგეთთან ერთად არის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე ქვეყანა, თუმცა, წამყვანი თანათავმჯდომარე ჯერჯერობით არის საფრანგეთი. სექტემბერში საფრანგეთი გადმოაბარებს ამ როლს საქართველოს და საქართველო გახდება წამყვანი თანათავმჯდომარე ქვეყანა. ანუ პირველი ქვეყანა პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელმაც უნდა აჩვენოს მაგალითი სხვა ქვეყნებს, თუ როგორი ხელმძღვანელობა შეუძლია გაუწიოს ღია მმართველობის იდეალების განხორციელების საქმეს. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის დასაგეგმად, გარკვეული საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ხელმძღვანელი ორგანოების წარმომადგენლებს“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

„OGP“-ის სამდივნოს წარმომადგენლები საქართველოს 3 აპრილს ეწვივნენ. მათი მთავარი მიზანია, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ საქართველოს, როგორც პარტნიორობის მომავალი თავმჯდომარის, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

სტუმრები შეხვედრას გამართავენ „ღია მმართველობა − საქართველოს ფორუმთან“, რომელიც მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მუდმივმოქმედი მექანიზმია და პარტნიორობის მიერ საუკეთესო პრაქტიკადაა მიჩნეული. ფორუმის წევრი სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ერთობლივად განიხილავენ საქართველოს გეგმებს პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით.

„OGP“-ის წარმომადგენლები, ასევე, შეხვდებიან „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ჩართული უწყებების ხელმძღვანელ პირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან და თბილისის მერიიდან. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებიც.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP- შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას OGP-ის მმართველ კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას.

საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდება ერთი წლის ვადით.